კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პიკი ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში გვქონდა, არ უნდა იყოს

პიკს ჩვენ ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში. ჩვენი  და ჩვენი პარტნიორების გათვლებით ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტიდან სიეტლის უნივერსიტეტის.  

ვფიქრობ, რომ ასეთი დრამატული, როგორიც გვქონდა ნოემბერი და დეკემბერი, არ უნდა იყოს პიკი მრავალი ფაქტორის გამო. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის, დაახლოებით, 600 000-დან 650 000 ადამიანამდე ქვეყანაში. დღეს, ოფიციალურად დადასტურებული, ბაზაში გვყავს 299 000 ადამიანი, მაგრამ ვანგარიშობთ, რომ ორჯერ მეტს, დაახლოებით 600 000-მდე ადამიანს აქვს გადატანილი ქვეყანაში უსიმპტომოდ ან მცირე სიმპტომებით დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, რაღაც ძალიან ცოტა უკვე აიცრა და არის მესამე ფაქტორი, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე ცივ პერიოდში, რომელიც არის რესპირაციული ვირუსებისთვის ძალიან კომფორტული პერიოდი, ხოლო ახლა ჩვენ შევდივართ უფრო თბილ პერიოდში, სადაც, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მოქმედების მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად. ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ასეთი დამანგრეველი...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. 

21 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 299 038 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 282 869 გამოჯანმრთელდა,  3 971 კი გარდაიცვალა.

კომენტარები