პოლიტიკური კრიზისი

გავრილოვის ღამეს დაზარალებულები ამნისტიასთან დაკავშირებით შარლ მიშელს წერილით მიმართავენ

ტბელ აბუსერიძე

გავრილოვის ღამეს დაშავებულმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართეს. წერილის 10 ხელმომწერი მადლობას უხდის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეს. 

ამავდროულად, დაზარალებულები წერილში იხსენებენ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს და წერენ, რომ ევროკავშირის მიერ შედგენილი შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები ამნისტია "მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას". ამავდროულად, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თუ ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის.

დაშავებული მომიტინგეები და ჟურნალისტები მოუწოდებენ შარლ მიშელს, ისე დაეხმაროს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, რომ მათი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს. 

"პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ.  ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის  მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მოგმართავთ  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას  პატრიოტული მოტივით  ვაპროტესტებდით.

 ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების  წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ  უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი(ხელისუფლების ცნობით 240 ადამიანი)  მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხირდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო.  სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი  ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან  ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე.

ხაზგასმელია რომ  19-21 ივნისის საქმეების დიდ ნაწილში იკვეთება არასათანადო მოპყრობის ნიშნები. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით კი როგორც მოგეხსენებათ ამნისტია ვერ ვრცელდება  არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.  ამნისტიის მიზანშეუწონლობა იკვეთება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ  დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს". 

წერილს ხელს აწერენ:
 

  • მაკო გომური
  • გიორგი სულაშვილი
  • კობა ლეთოდიანი
  • ირაკლი ხვადაგიანი
  • ირაკლი ფავლენიშვილი
  • ვახტანგ ბერიკაშვილი
  • გელა ჭიღლაძე
  • ზაზა მღებრიშვილი
  • გიორგი ბულესკირია
  • ლუკა პეტრიაშვილი
  • თამარ ბაღაშვილი

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. 

ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, მათ შორის ნიკა მელიას. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერს ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

20 აპრილს ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ სამშაბათს, 27 აპრილს, პარლამენტში ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებენ და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს ამის შემდეგ დატოვებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ  მელიას "ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, ვიდრე სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული". მისივე განცხადებით, ამნისტია შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი, "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხებათ ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

კომენტარები