აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია უფლებები საქართველოს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ავრცელებს, რომლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა

მისი ინფორმაციით, გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.

ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, ასევე 154-ე მუხლის მეორე ნაწილი. 

"ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით". – განმარტავს იურისტი. 

8 აპრილს აფგან მუხთარლიმ გატაცებაზე და გატაცების დაკვეთაში აზერბაიჯანის ჩართულობაზე ისაუბრა. მუხრთალი აღნიშნავს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანული მხარის დაკვეთა იყო და საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული იყო.

"გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა". – თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, "ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი".


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები