ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოზოლ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება. სამხარაძემ თქვა, რომ მუხთარლის საქმემ ქვეყნის იმიჯი დააზიანა და "ვისი პრემიერობისას მოხდა, ხალხმა იცის".
"ბიძინა ივანიშვილისა და კვირიკაშვილის გვარი ყველამ ვიცით, ვინც ხელისუფლებაშია, მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი, როცა ასეთი სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო ამბავი ხდება. აქ აღსანიშნავი არის ის უტიფრობა, რა პროპაგანდაც გუშინ მოვისმინეთ ივანიშილის გარემოცვის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომ ყველამ ვიცით, ვიცი ბრალიც არისო და თან არ თქვა, ვისი ბრალია, თითქოს, აქ რამე გაურკვევლობა იყოს". - ამბობს გიგა ბოკერია.
ბოკერიას თქმით, მუხთარლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ნორმალური გამოძიებაა საჭირო, რაც, მისივე შეფასებით, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ საკითხები, როცა ჩანაწერები ქრება, სუსთან არის კავშირში. ვიცით, რომ სუსი პირდაპირ კონტროლზე იყო პერსონალურად ივანიშვილის მხრიდან. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია, ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოფიციალურად რამე გაირკვევა". - ამბობს ბოკერია.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
თავად აფგან მუხრთალის თქმით, მისი გატაცება "აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც [იცოდნენ]". გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს.
მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება "ძალიან ცუდი მოვლენა" იყო. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.
თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას.
აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული.
მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს.