აფგან მუხთარლის საქმე

POG: მუხთარლიმ აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანზე თქვა, რომ თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, მან კი ორივეზე თქვა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. თუმცა მუხთარლი ამბობს, რომ პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს.  

"მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იქნა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, თავის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე მუხთარლი გაესაუბრა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოწვეული იქნა ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც დაიწყო აფგან მუხთარლის გამოკითხვა. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აფგან მუხთარლიმ  განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და დატოვა საგამოძიებო უწყება". - წერია განცხადებაში     

პროკურატურის ცნობით, მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ, მისი გამოკითხვა 9 აპრილს გაგრძელდება. 

"პირველ ჯერზე იქ იყო თურქული ენის თარჯიმანი, მასზე უარი ვთქვი. შემდეგ ნახევარ საათში მოვიდა სხვა თარჯიმანი და, როცა დაიწყო ლაპარაკი, მესმოდა, რომ არც მან იცოდა აზერბაიჯანული ენა... ამიტომ იქ დღეს არაფერი მოხდა." - თქვა აფგან მუხთარლიმ. 


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თავად აფგან მუხრთალის თქმით, მისი გატაცება "აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც [იცოდნენ]".

გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს. 

მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება "ძალიან ცუდი მოვლენა" იყო. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს.

კომენტარები