ვაქცინაცია

ტიკარაძე: აპრილის ბოლოს საქართველოში ასტრაზენეკას 50 000-მდე დოზა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის 50 000-მდე დოზას მიიღებს. 

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე მუშაობს ფაიზერის ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიღებაზეც, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული დოზები და თარიღები შეთანხმებული არ არის. 

"თვის ბოლოს საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას შემდეგი მოცულობა საქართველოში, ეს იქნება 50 000-მდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო კოვაქსის პლატფორმამ, ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა. 

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ფაიზერთან, შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე არის მიღწეული და ჩვენ ვმუშაობთ იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც ფაიზერი საქართველოს მოაწვდის შეთანხმებულ დოზებს. 

მოდერნასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოსახლეობას ამის შესახებ ვერ მივაწვდით მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს". – ამბობს ტიკარაძე. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

კომენტარები