ევროპული საქართველო

ბოკერია ბაქრაძეზე: ძალიან არაკორექტული ნაბიჯია, სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი

ტაბულა

"ჩემი აზრით, სინანული არასწორი სიტყვაა". – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჟურნალისტის შეკითხვას, ნანობს, თუ არა პარტიული სიის ხუთეულის გადანაწილებას. 

გიგა ბოკერიამ პარტიიდან წასულ ყოფილ თავმჯდომარეზე, დავით ბაქრაძეზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც პარტიისგან დამოუკიდებლად ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და პარლამენტში შესვლას გეგმავს. 

"უბრალოდ, ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ბატონ ბაქრაძეს. მას ჰქონდა აღებული ვალდებულება ამ პარტიის წინაშე, პარტიის პოლიტსაბჭოს წინაშე და საჯაროდაც, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, ბოიკოტი რომც არ ყოფილიყო, ის არ შევიდოდა პარლამენტში. ამის შემდეგ თქვა, პარტიიდან საერთოდ მივდივარ, იმიტომ, რომ ჩემი თავი ამოვწურეო. ამიტომ, ძალიან არაკორექტული ნაბიჯია მისგან". – ამბობს გიგა ბოკერია. 

რაც შეეხება სიის სხვა წევრებს, მაგალითად, შალვა შავგულიძესა და არმაზ ახვლედიანს, რომლებიც ასევე მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათთან დაკავშირებით ისურვებდა, რომ ასეთ დროს ჯერ გაეაზრებინათ, რა ხდება, პარტიასთან ესაუბრათ და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. 

"ესეც არ არის კორექტული საქციელი, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დასანანი ის არის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ამ მომენტისთვის ხელიდან გავუშვით შანსი, რომ ეს უმძიმესი საფრთხე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენდა და მისი ავტორიტარული ბუნება, შეგვემცირებინა არსებითად და შემოგვეტრიალებინა საზოგადოების კრიტიკული მასის განწყობა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპულ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში 5 მანდატი ერგო. პირველ ხუთეულში არიან დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ტარიელ ნაკაიძე. მათგან დავით ბაქრაძემ ჯერ კიდევ 19 აპრილს მოაწერა დოკუმენტს ხელი, არმაზ ახვლედიანმა დღეს, 20 აპრილს. ხელმოწერას აპირებს შალვა შავგულიძეც.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, რომელმაც ბაქრაძის მსგავსად პარტია არჩევნების შემდეგ დატოვა, მან თქვა, რომ მანდატი ეკუთვნის ევროპულ საქართველოს და არა მას. 


19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი - მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები