პოლიტიკური კრიზისი

ბორელი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. ბორელმა აღნიშნა, რომ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი.

"პრეზიდენტ მიშელის მიერ შეთავაზებული იყო ახალი დოკუმენტი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზის საპოვნელად. შეხვედრის დროს მივიღეთ გარკვეული ახალი ინფორმაცია. მივესალმები პოზიტიურ განვითარებას, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული დოკუმენტის მიღებას, იმედია, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯებს შეთანხმების მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან და გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია". – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. 

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.

კომენტარები