დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთი ბრიტანეთს: შავ ზღვაში გემების გაგზავნაზე ფული დაზოგეთ და სპუტნიკი იყიდეთ

ბრიტანული სამხედრო გემი HSM Queen Elizabeth
USNI news

ბრიტანეთის 2 სამხედრო ხომალდის შავ ზღვაში გაგზავნის ინფორმაციას რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი სოციალურ ქსელ Telegram-ზე გამოეხმაურა. მან ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოსტ-იმპერიული კომპლექსი უწოდა, ხარჯების დაზოგვისკენ და დაზოგილი თანხით COVID-19-ის რუსული ვაქცინის შეძენისკენ მოუწოდა.

"ბევრ ბრიტანელს ახსოვს წინა სამხედრო ჩარევები ქვეყანას (ბრიტანეთს) რამდენი სიცოცხლე და ხარჯები დაუჯდა. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ [ბრიტანეთის პრემიერი ბორის] ჯონსონი თანხებს დაზოგავს "უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად" გემების შავ ზღვაში გაგზავნაზე. არაფრის მომტანი ქმედებაა, ორი ხომალდი ვერაფერს გადაწყვეტს. ბრიტანეთის ამ არასაჭირო პოსტკოლონიური კომპლექსების გარეშეც შესაძლებელია ყველაფერი. დაზოგილი თანხებით ვაქცინა Спутник V იყიდონ, რათა დაავადებისგან ბრიტანეთის ასიათასობით მცხოვრები გადაარჩინონ". – თქვა პუშკოვმა.

მაისში დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sunday Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამ ნაბიჯის მიზანია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის სოლიდარობის გამოხატვა.

Sunday Times-ის თანახმად, საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ სამეფო ფლოტს გამოეყოფა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შეცურავს. ხომალდების მხარდასაჭერად ავიამზიდ HSM Queen Elizabeth-ზე მზადყოფნაში იქნება RAF F-35B ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები და მერლინის ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენები. HSM Queen Elizabeth-ი ხმელთაშუა ზღვაში დარჩება, ვინაიდან საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ავიამზიდებს შავი ზღვაში შეცურვა ეკრძალებათ.

აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობამდე, თებერვალში დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა შავ ზღვაში მისიების ჩატარების გეგმის შესახებ განაცხადა. თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ შავ ზღვაში თავის სამხედრო გემებს აღარ გაგზავნიდა, დიდი ბრიტანეთი გეგმის შეცვლას არ აპირებდა.

"დაგეგმილი ოპერაციები გრძელდება და ეს მოიცავს აქტივობას შავ ზღვაშიც. აშშ-ს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს Carrier Strike Group’s 2021-ის გეგმებზე". - ციტირებს წყაროს Sunday Times-ი.

"დიდი ბრიტანეთი და ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეები მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიმდინარე მდგომარეობის დაკვირვებისას და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას საზღვაო წვრთნების ინიციატივით და მისია ორბიტალის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 20 000-ზე მეტი წევრი წევრი გაიწვრთნა". - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

აქამდე, 9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო ხომალდის გაგზავნას აპირებდა, მაგრამ შემდეგში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. პარალელურად, რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს გემების გამოგზავნის გადაწყვეტილებიდან მალევე, შავიზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

 

კომენტარები