პოლიტიკური კრიზისი

ოცნება ოპოზიციას: ქვეყნის ინტერესები დააყენეთ ყველაფერზე მაღლა, ხელი მოაწერეთ დოკუმენტს

ტაბულა

ქართული ოცნება ოპოზიციას მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და "ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა".

"საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოგზავნა თავისი წარმომადგენელი ქრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

ქართულმა ოცნებამ, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. ქართულმა ოცნებამ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა.

ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ". - აღნიშნულია განცხადებაში. 

მანამდე აშშ-ს საელჩო საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება გაავრცელა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს, 18 აპრილს ორჯერ გადაიდო. შეხვედრა 19:00 საათზე დაინიშნა. 


16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.  

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.

კომენტარები