პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების შესათანხმებლად დარჩა ბოლო რაუნდი

მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ქართული ოცნების მიერ ხელმოწერას ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დოკუმენტს. 

"ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.

შეგახსენებთ, 5 პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.

ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები