პოლიტიკური კრიზისი

აშშ-EU: მოვუწოდებთ პარლამენტარებს, მიშელის დღეს შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერონ

აშშ-ს საელჩო საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს."

დღეს 17:00 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება. 

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან. 

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.  

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.

კომენტარები