ალექსეი ნავალნის საქმე

რუსი მღვდელი ნავალნიზე: პატიმარს ისე მოვეპყროთ, როგორც ქრისტეს

ალექსეი ნავალნი
Meduza

ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აპრილამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ 7 აპრილს, მღვდელი ალექსეი უმინსკი მოსკოვის საპატრიარქოს ტელემაუწყებლობა Спас-ის ეთერში ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას გამოეხმაურა და მთავრობას მიმართა. მის სიტყვებს რუსეთის ეკლესიის დიდი ნაწილისგან გაკრიტიკება მოჰყვა. უმინსკიმ ხაზი გაუსვა ნავალნისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობას.

"მე ვარ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მღვდელი ალექსეი უმინსკი და დღეს მსურს პატიმარი ალექსეი ნავალნის დაცვასა და მხარდაჭერაზე ვისაუბრო. 

საქმე ისაა, რომ ის, როგორც დღეს ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, ისეთ მდგომარეობაშია, როცა უბრალოდ პატიმრობაში კი არაა, არამედ მას, ავადმყოფ ადამიანს, საჭირო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. 

ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა პატიმრის სახელს, გვარს, თუ დაპატიმრების მიზეზს. მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც ყველას მოგვიწოდებს, პატიმრებს ისე მოვეპყროთ, როგორც თავად მას მოვეპყრობოდით. ამიტომაც, მე, დღეს ყველა იმ ადამიანს მივმართავ, ვისზეც პატიმარი ალექსეის ბედია დამოკიდებული და, ზოგადად, ყველა იმ პატიმრის, ვინც საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. გთხოვთ, ისმინეთ ქრისტეს სიტყვები, გთხოვთ, იყავით გულმოწყალენი, გთხოვთ, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანის ცხოვრებას წამებად და დამცირებად ნუ აქცევთ. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ ყველგან და ყოველთვის ადამიანებად დავრჩეთ" - თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა ალექსეი უმინსკიმ.

 ამ სიტყვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეარხმა Спас-მა უმინსკის კრიტიკის დიდი ტალღა წამოიწყო. გაუშვეს სპეციალური გადაცემა სახელით ვინ ითრევს ეკლესიას პოლიტიკაში და ვის სურს კრიმინალებისგან მარტვილთა გამოყვანა. გადაცემა 90 წუთს გრძელდებოდა და მოსკოვის საპატრიარქოს არხზე საკითხის განსახილველად, უბრალოდ სასულიერო პირები კი არა, არამედ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლები ჰყავდათ მოწვეული.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სერგეი კარნაუხოვმა უმინსკის უწოდა "დამნაშავე ანაფორაში" , დაადანაშაულა ექსტრემიზმში და რუსეთის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასული მღვდლების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

"ჩვენ წინაშეა დამნაშავე, უბრალოდ ანაფორაში, ის ექსტრემიზმითაა დაკავებული. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მეთოდები? თუკი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი ეკლესია, არ დაიწყებს ფხიზელ და ცივსისხლიან ბრძოლას მრევლში გავრცელებულ ფერად ტექნოლოგიებთან... მაშინ ჩვენ უახლოეს მომავალში ზიანს მოგვაყენებენ მღვდლები, რომლებიც მთავარი მოთამაშეები გახდებიან არა უბრალოდ ეკლესიის, არამედ რუსეთის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ". - თქვა კარნაუხოვმა.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი უმინსკი 2019 წელს, რუსეთის საპროტესტო აქციების დარბევის დროს, იყო ერთ-ერთი მღვდელმსახური, რომელმაც ხელი მოაწერა მთავრობისთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომელიც დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ მოწყალების გამოჩენას ითხოვდა. წერილს ხელი 180-ზე მეტმა მღვდელმა მოაწერა.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები