ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთში ალექსეი ნავალნის ექიმი, ანასტასია ვასილიევა, დააკავეს

6 აპრილს რუსეთში დააკავეს რუსეთის ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი და დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ექიმი, ანასტასია ვასილიევა

ვასილიევა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ციხეში ალექსეი ნავალნის გამოკვლევის ნებართვა მოითხოვა. 

მასთან ერთად იმყოფებოდნენ ექიმთა კავშირის ალიანსის ექიმები და ნავალნის მხარდამჭერები. 

პოლიციაში თქვეს, რომ "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" სულ 9 ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაიყვანეს. ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით გამოცემა Известия ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკოსის სამედიცინო ნაწილში გადაყვანა დაკავშირებულია "რესპირატორული დაავადების ნიშნების გამოვლენასთან".

მოგვიანებით მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ნავალნის კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მას მეორე ტესტიც გაუკეთეს. 

ნავალნის მდგომარეობაზე საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი დასუსტებულია შიმშილობის გამო და კოლონიაში გატარებული დროის განმავლობაში 13 კილოგრამი დაიკლო.

5 აპრილს ალექსეი ნავალნის ოფციალურ სოციალურ მედიაზე გამოქვეყნდა პოსტი მისი სახელით, რომელშიც ნავალნი მაღალ სიცხეზე ჩივის. ნავალნიმ ასევე აღნიშნა, რომ კოლონიაში მის დანაყოფში სამი ადამიანი ტუბერკულოზით დაავადდა.

31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა კანონის აღსრულება და მასთან ექიმის დაშვება.

24 მარტს მისმა ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნავალნის დაეწყო ზურგის სერიოზული ტკივილები, დაუბუჟდა ფეხი და ამ ფეხზე დადგომა არ შეუძლია.

25 მარტს ნავალნის ადვოკატებმა გაასაჯაროეს ორი განცხადება, რომელიც პოლიტიკოსმა კოლონიის ხელმძღვანელისა და სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის სახელზე დაწერა. განცხადებებში ნავალნი ამბობს, რომ მას არ აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და დაიჩივლა "უძილობით წამებაზე". კოლონიაში ნავალნი შეფასებულია, როგორც გაქცევის მაღალი რისკის მქონე პატიმარი, ნავალნის თანახმად, მას ყოველ ღამე კოლონიის თანამშრომლები აღვიძებენ და ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევენ.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ამბობდა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

 

 

კომენტარები