ოჯახში ძალადობა

წულუკიანი სტურუაზე: გათავისუფლება არ იგეგმება, კარგი იქნება, თუ თავდასხმებს შევწყვეტთ

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ რეჟისორ რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება და "კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს". 

"მე, როგორც კულტურის მინისტრი, პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ წასვლას არ აპირებს. ეს არის ადამიანი, რომელსც, ალბათ, დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს". - ამბობს წულუკიანი.  

"დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ, ქართველებო!" - დაწერა სტურუამ გუშინ, 15 აპრილს.   

თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურზეც ისაუბრა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ზანგური "დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს", თუმცა, მინისტრის სიტყვებით, "მოწოდების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია". 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წელი და რეპრესიები ".

კომენტარები