პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია კობახიძეზე: უნდა ვნახოთ ნაბიჯები, რომ ცდილობენ კრიზისის განმუხტვას

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თქვა, რომ ამერიკელი პარტნიორებისგან "საინტერესო რჩევები" მოისმინა ოპონენტებთან დიალოგთან დაკავშირებით. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ირაკლი კობახიძისგან, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრებისგან, საზოგადოება მიჩვეულია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, ან ისეთ განცხადებებს, რომლებიც მერე საპირისპიროს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, სანამ მმართველი გუნდი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს კრიზისის განსამუხტად, იქამდე ვერავინ იტყვის, რომ "რაღაც შეიცვალა". 

"უნდა ვნახოთ ნაბიჯები. არიან, თუ არა მზად იმისთვის, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას გათავისუფლება, და პოლიტდევნის შეჩერება, გადადგან ის ნაბიჯები, რაც დაგვაწყებინებს კრიზისის განმუხტვას. 

ჯერჯერობით აქ, ადგილზე რასაც ვხედავთ, პირიქით, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა. ამიტომ, ახლა არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ რაღაც შეიცვლება". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ ცვლილებები მართლა მოხდება, რასაც უნდა მოჰყვეს "ნორმალური ვადამდელი არჩევნები", პოლიტპატიმრების გარეშე, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს ამომრჩეველთა ნებით ძალაუფლების დაკარგვას. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი 12 აპრილს დაიწყო და ეს 6 აპრილამდე გაგრძელდება. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის უკვე შეხვდა სენატორ ჯეიმს რიშს.

ქართული ოცნების დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის პირებთან გაიმართება შეხვედრები.


18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის პირველი 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები