ოჯახში ძალადობა

რუსთაველის თეატრი: თუ საქმე აღიძრა, გარკვევამდე ზანგურს შემოქმედებით ცხოვრებას შევუჩერებთ

ბესო ზანგური

გამოძიების დაწყების შემთხვევაში, რუსთაველის თეატრი მზად არის ბესო ზანგურს "შემოქმედებითი საქმიანობა შეუჩეროს". ამის შესახებ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ია შერაზადიშვილი რუსთავი 2-თან ამბობს. 

"რუსთაველის თეატრმა, როგორც კი გავიდა გადაცემა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას. ბესო ზანგური შრომის კოდექსით არის რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, თუ ნინუცა მაყაშვილი შეიტანს სარჩელს, აღიძვრება საქმე, აქედან გამომდინარე, რუსთაველის თეატრი მიიღებს ზომებს და საქმის გარკვევამდე შეაჩერებს მის შემოქმედებით ცხოვრებას".- ამბობს შერაზადიშვილი. 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

ნინუცა მაყაშვილი შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. 

კომენტარები