ავღანეთი

ბაიდენი გეგმავს, ავღანეთიდან აშშ-ს ჯარები 11 სექტემბრამდე გაიყვანოს - REUTERS

ამერიკელი სამხედროები სამხრეთ შორსურაკში, ჰელმანდის პროვინცია, ავღანეთი. 2010 წ.
U.S. Marine Corps photo

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, აშშ-ს ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანოს. ინფორმაციას საკითხის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი და სხვადასხვა ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც Reuters-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, ჯარების გაყვანისთვის აუცილებელია გარკვეული გარანტიები უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ასევე, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოთხშაბათს, 15 აპრილს ბრუსელში NATO-ს პარტნიორებთან ავღანეთის საკითხს განიხილავენ. წყაროს თანახმად, შესაძლებელია, რომ ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ საჯარო განცხადება ხვალ გააკეთოს.

როგორც გამოცემა CNBC-წერს, ანონიმური წყაროს თანახმად, ავღანეთიდან ჯარების სრული გაყვანა, შესაძლოა, სექტემბრამდეც დასრულდეს. 

დადასტურების შემთხვევაში 11 სექტემბრის ვადა მნიშვნელოვნად სცდება აქამდე დაწესებულ ვადებს, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ავღანეთიდან ჯარები 1 მაისამდე უნდა გაეყვანა. გასულ თვეს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დათქმულ ვადებში ავღანეთიდან ჯარების გაყვანა რთული იქნებოდა, რასაც თალიბანის უკმაყოფილება მოჰყვა. 

ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმება 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში შედგა. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შეასრულა თალიბანმა დადებული პირობა ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. 2020 წლის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების თანახმად აშშ და ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების 14 თვეში გაიყვანდნენ, თუ თალიბანი დადებულ პირობებს შეასრულებდა, მათ შორის არ მისცემდა ალ-ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ემოქმედათ და ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანმა შეწყვიტა საერთაშორისო ძალებზე თავდასხმები, თუმცა აგრძელებს დაპირისპირებას ავღანეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად დაჯგუფებამ თალიბანის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა, რასაც ავღანეთის ხელისუფლება დათანხმდა. პირდაპირი მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის დოჰაში 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პროცესი წარმატებული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები