ნამახვანჰესი

წიაღის ეროვნული სააგენტო: რიონის აუზში ურანის საბადოს არსებობა არ ფიქსირდება

Ombudsman

წიაღის ეროვნული სააგენტო რიონის ხეობაში ურანის საბადოების არსებობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების ხელშეშლას და ურანის საბადოების არსებობა რიონის აუზში არ ფიქსირდება.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა ნამახვანი ჰესი, განხორციელების ხელშეშლას.

წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან". – წერია განცხადებაში.


11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. 

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები