ირანი-ევროკავშირი

ირანი სანქციების გამო ევროკავშირთან რამდენიმე სფეროში თანამშრომლობას წყვეტს

საიდ ხატიბზადე

ირანი სხვადასხვა სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან 2019 წელს საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლისთვის ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების შავ სიაში შეყვანას და მათთვის სანქციების დაწესებას მოჰყვა.

ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ დაგმო სანქციები და თქვა, რომ ირანი წყვეტს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე საუბრებს და წყვეტს თანამშრომლობას ტერორიზმის, ნარკოვაჭრობის და ლტოლვილების სფეროში. ხატიბზადეს თანახმად, ირანი საპასუხო სანქციების დაწესებას განიხილავს.

ევროკავშირმა ირანის უშიშროების სამსახურების 8 ოფიციალურ პირს, მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურს და სამ ციხეს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის თანახმად, რევოლუციური გვარდიის მეთაური, ჰოსეინ სალამი "პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე".

2019 წლის ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდამ ირანში მრავალრიცხოვანი პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. უშიშროების ძალებთან დაპირისპირებაში, Amnesty International-ის მონაცემებით, სულ მცირე, 304 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის. მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება.


ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ორი სახის შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, რომ 2 თვეში მიაღწიონ შეთანხმებას.

მოლაპარაკებები შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას, თუკი ირანი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

კომენტარები