ირანი-ევროკავშირი

ბორელი: ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ირანი და სხვა მხარეები მზად არიან, აღადგინონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას

"ახლა ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწეული იქნება". - თქვა ბორელმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. 

ანალიტიკოსთა მოსაზრებით, შეთანხმების აღდგენის წარუმატებლობამ შეიძლება გაზარდოს რეგიონული ომის რისკი ან გამოწვის დასავლეთის მხრიდან ირანზე სანქციათა გამკაცრება. შედეგად, გაგრძელდება ნავთობის მსოფლიო ფასზე წნეხი. უკანასკნელი კი უკრაინის ომის გამო ისედაც მაღალია. 

ბირთვული მოლაპარაკებების ევროკავშირის კოორდინატორი, ენრიკე მორამი თეირანში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მოკლევადიან პერიოდში, თუ შეერთებული შტატები პრაგმატულობას გამოიჩენს. თუმცა, რამდენიმე საკითხი აშშ-სთვის პრობლემური რჩება: ირანს სურს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ამოღებული იქნას აშშ-ს ტერორისტთა ორგანიზაციის სიიდან. ასევე, თეირანი ითხოვს გარანტიებს რომ აშშ ცალმხრივად არ დატოვებს რომელიმე შეთანხმებას. სანქციათა გაუქმებაც სენსიტიური საკითხია. 


2015 წლის ბირთვული შეთანხმება ფაქტობრივად უფუნქციო მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, აშშ-მ მისი დატოვება გადაწყვიტა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ს იმდროინდელი პოზიციით, ბირთვული შეთანხმება ვერ აჩერებდა ირანის მუშაობას ატომურ იარაღზე და ეს უკანასკნელი პირობებს არღვევდა. 

2021 წელს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, ქალაქ ვენაში ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყო

ისევე როგორც 2015 წელს, ახლაც, ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია ისრაელი. ისრაელი თვლის, რომ მსგავსი შეთანხმებები ირანს ხელებს გაუხსნის საკუთარ ბირთვულ პროექტზე საიდუმლოდ სამუშაოდ. 

"რაისის არჩევა, ვიტყოდი, რომ მსოფლიო ძალებისთვის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებამდე გამოფხიზლების ბოლო შანსია. უნდა მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე... არასდროს უნდა დავუშვათ, რომ დაუნდობელი ჯალათის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს. ამაზე ისრაელის პოზიცია არ შეიცვლება". – თქვა ისრაელის ახალმა პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა.

კომენტარები