ეკონომიკა

საქართველო IMF-ისგან დამატებით $111 მილიონს მიიღებს

IMF

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, მიიღო, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მან გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს COVID-19-ის კონტროლის მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საუბრობს ფისკალური წესების დაცვის მნიშვნელობაზე, აღნიშნავს რა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ფისკალური რისკების კონტროლსა და შემცირებას.

ამასთან, სსფ მიიჩვევს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების  გაგრძელება. COVID-19 შოკის შედეგების შესამცირებლად, ფონდი მოკლევადიან პრიორიტეტად ასახელებს გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავებას და განათლების რეფორმას.

სსფ-ის საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მშპ წლის განმავლობაში 3.5%-ით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომავალი წლების პროგნოზი, და სამი წლის საშუალო ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდით.

კომენტარები