დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: ბაიდენმა "მეტი უნდა გააკეთოს" რუსეთის შესაკავებლად

ვოლოდიმირ ზელენსკი
CNN

აშშ უკრაინის "კარგი მეგობარია", მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "მეტი უნდა გააკეთოს" რუსეთის შესაკავებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ისთვის დონბასში სამუშაო ვიზიტის დროს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

CNN-ის განმარტებით, ზელენსკი გულისხმობს უფრო აქტიურ მხარდაჭერას იარაღით, ფინანსურ მხარდაჭერას სამხედრო მოქმედებებისთვის და მეტ მხარდაჭერას NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისთვის.

"თუ ისინი [აშშ] ხედავენ უკრაინას NATO-ში, მათ ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადონ და გააკეთონ ეს. არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვებით". - თქვა ზელენსკიმ.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გაამძაფრებდა მდგომარეობას NATO-სთან კიდევ უფრო დაახლოებას და გაართულებდა ურთიერთობას რუსეთთან, ზელენსკი პასუხობს:

"შესაძლოა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ რა ხდება ახლა აქ? რას ვაკეთებ აქ? რას აკეთებს ჩვენი ხალხი აქ?  იბრძვიან".


დღეს 13 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, NATO-ს შტაბბინაში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ბრიუსელში NATO-ს წევრ ქვეყნის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ ბრიუსელში ბლინკენი განიხილავს ირანის, ავღანეთის საკითხს და ასევე უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს. აღმოსავლეთ უკრაინაში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, 11 აპრილს ინტერვიუში ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად მოიქცევა, ფასს გადაიხდის და ამას შედეგები მოჰყვება.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშების თანახმად, სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწტყვეტის რეჟიმი. შეთანხმების დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები