ნიკა მელიას საქმე

სარჯველაძე მელიაზე: რომ არა მისი გამომწვევი ნაბიჯი, დღეს საპატიმროში არ იქნებოდა

"რომ არა დესტრუქციული და გამომწვევი ნაბიჯი ნიკანორ მელიასი ან, თუნდაც, დღევანდელი მისი მოქმედება, ის საპატიმროში დღეს არ იქნებოდა". – ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

"ეს, პრაქტიკულად, მთლიანად გამორიცხავს პოლიტიკური მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებას, პირიქით, ეს არის წმინდად სამართლებრივი პროცესი და არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ თუნდაც ამ კატეგორიაში, თუნდაც მინიმალური მიზეზი არსებობდეს შეფასებისთვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ოპოზიციას ხელთ არ აქვს". – ამბობს სარჯველაძე. 

დღეს, 13 აპრილს, 11:00 საათზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. მელია საკუთარ პროცესს დაესწრება. როგორც მისი ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო განიხილავს მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას.  მისივე თქმით, ადვოკატებმა ახალი მტკიცებულებების დართვაზე დააყენეს შუამდგომლობა, რომლებიც ადასტურებს, რომ მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები არიან ჩარეული ბრალდების საქმეში და სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. 

"მეორე მხრივ, მოცემული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უმაღლესი ძალოვანი სტრუქტურის თანამდებობის პირების მიერ იყო განზრახ განადგურებული 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, აქციის დაშლის ჩანაწერები იყო წაშლილი". – ამბობს ის ფორმულასთან საუბარში.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები