ნამახვანჰესი

შსს: არ დავუშვებთ, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს". – ამბობს შსს. 

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, დღეს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები