ნამახვანჰესი

ომბუდსმენი შსს-ს: მიეცით ნამახვანის აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილას შეკრების უფლება

Ombudsman

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიეცეთ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შსს-ს, საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.

"სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას". – ნათქვამია ობმუდსმენის განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები