პატრიარქის წერილი

პატრიარქი ელისაბედ II-ს: ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"თქვენო უდიდებულესობავ,

საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი

თქვენი სამეფო ოჯახისა  და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო,  ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ".- აღნიშნულია წერილში. 


პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო თებერვალში პრინცი ფილიპი ედუარდ მეშვიდის სახელობის ლონდონის საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი კარდიოლოგიური პროცედურის გასაკეთებლად წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16 მარტს, 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ის გამოწერეს.

პრინცი ფილიპი და ელიზაბეტ მეორე 1947 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავთ.

კომენტარები