საქართველო-უკრაინა

ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში არსებული დაძაბულობის ფონზე, ახლა იმის დრო არ არის, საქართველოს ადგილზე ელჩი არ ჰყავდეს.

"ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

[...] ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და, ვფიქრობ, ისინიც გაგებით მოეკიდნენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ გადავდგით". – თქვა ზალკალიანმა რუსთავი 2-თან.

საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 2020 წლის 8 მაისს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. შარაშენიძე უკრაინიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

კომენტარები