საქართველოს ელჩი უკრაინაში

უკრაინაში საქართველოს ელჩს კარანტინი დაუმთავრდა და სამინისტროში კონსულტაციებზე მივიდა

უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს კარანტინი დაუმთავრდა და კონსულტაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. შარაშენიძე უკრაინიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ელჩის თქმით, არ იზიარებს კრიტიკას, იმის შესახებ, რომ საელჩომ ცუდად იმუშავა. 

"დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ.

დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი სკულპულოზურად იქნება განხილული.  მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის", - ამბობს შარაშენიძე.

შარაშენიძის თქმითვე, მისი გამოწვევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ გაამძაფრებს და კითხვაზე სჭირდება თუ არა ელჩი საქართველოს უკრაინაში, პასუხობს, რომ "რასაკვირველია, სჭირდება".

რაც შეეხება მისი ელჩის სტატუსით უკან, უკრაინაში დაბრუნებას, ამ კითხვაზე შერაშენიძეს პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და "ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხონ".

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნამ შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 8 მაისს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

კომენტარები