კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კავკასუს ონლაინის სპეციალურ მმართველს სასამართლომ უფლებამოსილება აღუდგინა

კავკასუს ონლაინის სპეციალურ მმართველს, მარიამ სულაბერიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უფლებამოსილება აღუდგინა.  

როგორც საჯარო რეესტრი ვებგვერდიდან ირკვევა, სასამართლომ განჩინება 7 აპრილს მიიღო.

"2021 წლის 8 აპრილს მარიამ სულაბერიძემ (პ/ნ: 01005006266) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა NB21036019 განცხადება, რომლითაც მოითხოვა შპს კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველის, მარიამ სულაბერიძის უფლებამოსილების აღდგენის რეგისტრაცია. განცხადებაზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინება "ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედის'' კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის უზრუნევლყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ" - წერია საჯარო რეესტრის დოკუმენტში.

"ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს № 3ბ/2551-20 (01.03.2021 ) განჩინების საფუძველზე შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მარიამ სულებერიძე დაეგისტრირდა სპეციალურ მმართველად) მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სააგენტომ მიიღო NB21023093/3 (11/03/2021) გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/ნ 211380833) რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ სპეციალური მმართველის რეგისტრაციის ნაწილში.

რამდენადაც წარმოდგენილი სასამართლოს განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, რომლის საფუძველზეც შეჩერებული იყო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/ნ 211380833) რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება სპეციალური მმართველის რეგისტრაციის ნაწილში, აღარ არსებობს აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების საფუძველი და უნდა მოხდეს შპს კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველის, მარიამ სულაბერიძის უფლებამოსილების აღდგენის რეგისტრაცია" - ასევე წერია საჯარო რეესტრის დოკუმენტში.

კომპანია NEQSOL-მა, რომელმაც კავკასუს ონლაინის 100% შეიძინა, კომუნიკაციების კომისისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა გაასაჩივრა. სასამართლოს საბოლოო დასკვნის გადაწყვეტამდე, სააპელაციო სასამართლომ კავკასუს ონლაინში დანიშნულ სპეციალურ მმართველს 2021 წლის 1-ელ მარტს უფლებამოსილება შეუჩერა. ამ განჩინების წინააღმდეგ კი საჩივარი უკვე საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ შეიტანა, რის შემდეგაც მარიამ სულაბერიძეს მოვალეობები აღუდგა. 

სპეციალური მმართველი არის კომუნიკაციების კომისიის მიერ კანონის დამრღვევ კომპანიაში დანიშნული პირი, რომელიც კომპანიის დე-ფაქტო მფლობელი ხდება. გასულ თვეში, მარეგულირებელის ხელში მსგავსი უსაზღვრო ძალაუფლების ქონა უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. კავკასუს ონლაინში კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური მმართველი გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კავკასუს ონლაინში დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა თურქულ და ყაზახურ კომპანიასთან გაფორმებულ კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.


2019 წელს ნასიბ ხასანოვმა კაუკასუს ონლაინის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. გარიგება ოფშორში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შედგა.

2019 წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლება მოსთხოვა. ასეთი მონიტორინგი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

კაუკასუს ონლაინმა კომისიას დადგენილ ვადებში მიაწოდა ინფორმაცია განახლებული ბენეფიციარების შესახებ, რის შემდეგაც მარეგულირებელმა 2016 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კაუკასუს ონლაინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულად კაუკასუს ონლაინი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარი კომპანიის აქციონერების ცვლილების შესახებ. რადგან კაუკასუს ონლაინს კომისიისთვის ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

თავის მხრივ, მხოლოდ შეტყობინების მექანიზმი კომისიას ვერ მისცემს საშუალებას, გააკონტროლოს საქართველოს იურისდიქციის მიღმა განხორციელებული გარიგებები.

კანონში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის ფონზე, მარეგულირებელი კოპალაძისგან მოითხოვდა, უკან დაებრუნებინა ის შეთანხმება, რაც ოფშორებში შედგა ხვიჩა მაქაცარიასა და ნასიბ ხასანოვს შორის. რევაზ კოპალაძეს ამ შეთანხმებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ, აიძულონ მფლობელი კომპანიის მესაკუთრეეები, უკან დააბრუნონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნასიბოვმა წილი მიიღო, მაქაცარიამ კი – თანხა.

კაუკასუსმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარალელურად კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდა.

დავის კულმინაცია 25 ივნისს იყო. როგორც წესი, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მარეგულირებელი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იწყებს მსჯელობას. 25 ივნისის სხდომის მონაცემებით, კაუკასუს ონლაინი უკვე სამჯერ იყო დაჯარიმებული და ერთხელ გაფრთხილებული, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთეს, ვინაიდან კაუკასუს ონლაინი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საქართველოს მობილური და ფიქსირებული ბაზრის 2/3 ამ კომპანიით სარგებლობს, ისევე, როგორც სომხეთის თითქმის 100% და აზერბაიჯანის 60%. კაუკასუს ონლაინი გადამყიდველების საშუალებით ასევე ოპერირებს ახლო აღმოსავლეთშიც. კომპანია ფლობს .Ge დომეინსაც, შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, მითუმეტეს სადავო ნორმის საფუძველზე, კომისიას არ შეეძლო.

აქედან რამდენიმე დღეში კი ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას კანონის დამრღვევ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლო, რომელიც კომპანიის დე-ფაქტო მეპატრონე ხდებოდა. 

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. მათი შეფასებით, ცვლილება მარეგულირებელ კომისიას გადაჭარბებულ ძალაუფლებას აძლევს.

“ვენეციის კომისიას მსგავსი ძალაუფლების მქონე სხვა მარეგულირებელი ორგანო კომუნიკაციების სფეროში ევროპის ფარგლებში არ ახსენდება”. – წერია განცხადებაში.

კომენტარები