აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლის პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აფგან მუხთარლის პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს. ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თქვა. 

"პირველ ჯერზე იქ იყო თურქული ენის თარჯიმანი, მასზე უარი ვთქვი. შემდეგ ნახევარ საათში მოვიდა სხვა თარჯიმანი და როცა დაიწყო ლაპარაკი, მესმოდა, რომ არც მან იცოდა აზერბაიჯანული ენა... ამიტომ იქ დღეს არაფერი მოხდა." - თქვა აფგან მუხთარლიმ.

მუხთარლის თქმით, პროკურატურაში დაკითხვა 9 აპრილისთვის გადაიდო.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თავად აფგან მუხრთალის თქმით, მისი გატაცება "აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც [იცოდნენ]".

გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს. 

მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება "ძალიან ცუდი მოვლენა" იყო. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს.

კომენტარები