დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის" – ზელენსკი დონბასში გაემგზავრა

ვოლოდმირ ზელენსკი
censor.net

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინულ მხარესა და სეპარატისტებს შორის ურთიერთობა გამწვავდა.

"როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალს, მსურს, მძიმე დროს დონბასში ვიყო ჩვენს ჯარისკაცებთან. მივემგზავრებით ესკალაციის ადგილებში. მარადიული ხსოვნა 23 წლის სამხედროს, რომელიც წუხელ მოკლეს. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს" - წერს ზლენსკი Twitter-ზე

პრეზიდენტის ოფისის ცნობით, იგი მოინახულებს პოზიციებს წინა ხაზზე, სადაც ბოლო პერიოდში სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რის შედეგადაც უკრაინელი სამხედროები დაიჭრნენ.

მარტის ბოლოდან უკრაინის აღმოსავლეთში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა გამწვავდა. ვრცელდება ვიდეო- და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასობით ფაქტი აღრიცხა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

სატელეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თავის მხრივ ზლენკიმ აღნიშნა, რომ "NATO დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი რუსეთისთვის რეალური სიგნალი იქნება".

კომენტარები