ოკუპირებული ტერიტორიები

გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის – თბილისში აქცია გაიმართება

ODISHINEWS
ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, დღეს, 7 აპრილს თბილისში მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქცია გაიმართება.

"
ენგურის ხიდი 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილია. თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოსახლეობის ძირითად ნაწილს ამ დრომდე არ ეძლევა. მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთვევაში, 5 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.
 
ადამიანები ე.წ. შავი გზით გადმოდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს გზა შეიცავს ძალიან დიდ რისკს. მათ უწევდათ ენგურის გადმოცურვა და სწორედ ამ გზას ეწირება ადამიანების სიცოცხლე.
 
გალში ბაზარი მუშაობს კვირაში 2 დღე. მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ადამიანებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ზუგდიდში ჩამოსვლა.
 
ადამიანებს არ აქვთ იმის ფუფუნება რომ 5 დღე, მოწყდნენ საკუთარ საქმეს, დატოვონ შვილები, მშობლები და იყვნენ კარანტინში.
დიდი ხანია გალის მოსახლეობა ითხოვს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის PCR ტესტით ჩანაცვლებას.

65 წლის ოთარ ჯობავა მდინარე გაიტაცა მაშინ, როდესაც ამ გზით ცდილობდა ზუგდიდში ჩასვლას და კუთვნილი პენსიის აღებას.

62 წლის ნარგიზა აბუთიძე აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, სავადებულო კარანტინში გადაიყვანეს სადაც ის გარდაიცვალა. მისი სამედიცინო დახმარების საჭიროების მიუხედავად სტაციონარში არ გადაიყვანეს. ის გალის ცენტრალურ საავადმყოფოს ვაქცინაციის კაბინეტის თანამშრობელი იყო.

გუშინ 5 ადამიანი ცდილობდა ენგურის გადმოცურვას. 4 მათგანი გარდაცვლილი იპოვეს და ერთს, ამ დრომდე ეძებენ.
 
აღარავინ აღარ უნდა დაშავდეს ამ მიზეზით და სასწრაფოდ უნდა იქნას ჩანაცვლებული 5 დღიანი კარანტინი, PCR ტესტირებით". – წერია განცხადებაში

მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. 
 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გალიდან გადმოსულ კიდევ ერთ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

27 მარტს პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ,  საქართველოს მთავრობას მიმართა, მოხსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომლის გავლაც ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოსულ ადამიანებს უწევთ პენსიის, სოციალური დახმარების მისაღებად, თუ სხვა საჭიროებების გამო.

"შემოსვლა საოკუპაციო ხაზზე რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით, პრაქტიკულად, ერთსაათიან საქმეზე გადმოსულ ადამიანებს უწევთ 5-დღიანი კარანტინი, რაც, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, მათ უწევთ „შავი“ გზებით გადმოსვლა". - თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, გალელებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა, თუმცა, პერმიერმინისტრმა მოთხოვნას არ უპასუხა.

კომენტარები