გიორგი გახარია

კობახიძე გახარიას რეიტინგზე: საველე სამუშაოების დროს ოცნების ლიდერი და პრემიერი იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევაში, რომლის მიხედვითაც ყველაზე მოსაწონ ფიგურებს შორის გიორგი გახარიას მეორე ადგილზე ყოფნა, გარკვეულწილად, იმის დამსახურებაა, რომ საველე სამუშაოების დროს გახარია პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, იმ დროს 90%-ის განმავლობაში, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერმინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერმინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგის გაზომვისას მას უფრო მცირე მაჩვენებელი ექნება, ქართული ოცნების თავმჯდომარემ უპასუხა, რომ "ალბათ, ესე უნდა ვივარაუდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული".

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობაში ყველაზე მოსაწონი ფიგურად ილია მეორეს შემდეგ შემდეგ, 65%-ისთვის ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

22 მარტს, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

კომენტარები