კორონავირუსი საქართველოში

პაპუაშვილი: ოპოზიციის საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ეპიდსიტუაციაზე საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციის აქციები ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. 

"ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება პანდემიისა და მისი სერიოზულობის მიმართ ცნობილი არის - მათ შორის, 15 მაისს ჩანიშნული მიტინგიდან გამომდინარე და რაც ამ პროცესში ჩვენ მათგან ვნახეთ, საპროტესტო აქციები და ა.შ., ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. 

საქართველოში ვრცელდება ტყუილი, თითქოს ეს იყოს რაიმე ქართული გამოგონება - კომენდანტის საათი. გადახედონ ევროკავშირის წამყვან წევრ ქვეყნებს. თითქმის ყველგან მოქმედებს კომენდანტის საათი და შეზღუდვა. მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება და არ არის გამორიცხული, თუ არ იქნება დაცული ყველა შეზღუდვა, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს. ამიტომ, სჯობს, აქედანვე სერიოზულად მოიქცეს ყველა, დაემორჩილოს წესებს, რომელიც არის". – ამბობს პაპუაშვილი. 

ოპოზიციის აქციამდე 1 თვეზე მეტი დრო რჩება, საქართველოში კი ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე გაზრდილია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.65%-ია. 

6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე.

კომენტარები