პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, 15 მაისს აქცია დაიგეგმა

ევროპული საქართველო

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მიერ მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავადრნის შემდეგ, დღეს ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე მოქმედების გეგმა გააჟღერეს. 

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი საგანგებო, წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან, რაც ითვალისწინებს პერმანენტულ აქციებს, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. ოპოზიციის ლიდერები, ასევე, გეგმავენ რეგიონებში გასვლას და საპროტესტო კამპანიის წამოწყებას. 

"დღეიდან, ამ წუთიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენ შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში, გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს",- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

"15 მაისამდე ყოველდღიურ  რეჟიმში ჩვენ უნდა ვიყოთ ისე, როგორც წინასაარჩევნო რეჟიმში - ყველა ლიდერი უნდა გადანაწილდეს, რაიონებში, თბილისში, სხვადასხვა სოფელში და როგორც დავდიოდით წინასაარჩევნოდ კარდაკარ, ისე უნდა ვიაროთ კარდაკარ და ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, კმარა, ჩვენს წინ საქართველოა და ჩვენს უკან ჩვენი შვილები. ეს 2 თვე იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვიცით, რომ ძაან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, სუს-ის შნირობა გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს, მაგრამ შიშის მომენტი აღარ არის, შიში დაძლეულია. ამას ხელისუფლება დაინახავს 15 მაისს, როდესაც სუს-ის  დრონები დაიწყებენ ძრწოლას და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ, რომ ხალხი იქნება უფრო მეტი, ვიდრე მის თავზე არის თმა",- თქვა გიგი უგულავამ. 

ოპოზიცია 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამაგვირგვინებელ დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს. 

ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ გადადო, რაც თბილისს ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მალევე,  მიშელის მედიაციით, დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც შვედი დიპლომატი და შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა. 

რამდემიდღიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 19 მარტს უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

კომენტარები