ბულგარეთი

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დუპნიცა, ბულგარეთი. 2021 წლის 2 აპრილი.
REUTERS

4 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

არჩევნებში ბულგარეთის 6.7 მილიონ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. პანდემიის გამო დაბალ აქტივობას ელიან. 

ბულგარეთში პანდემიის მართვის მხრივ ამჟამად გაუარესებული მდგომარეობაა. დღიურად დააახლოებით 4000 ახალი შემთხვევა დასტურდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით ბულგარეთი ევროპაში, უნგრეთის შემდეგ, პირველია. 

გაუარესებული ვითარების გამო, ქვეყანაში საავადმყოფოები სავსეა. თუმცა, არჩევნების წინ მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა - დაშვებულია ღია რესტორნები, კინოთეატრები და ასევე სპორტული დარბაზების მუშაობა, სადაც მომხმარებლის 30%-ზე მეტს არ დაუშვებენ. 5 აპრილს საბავშვო ბაღებიც გაიხსნება. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ამჟამად პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია, GERB 28-29%-ით ლიდერობს, თუმცა შესაძლოა, მათ პარლამენტში სტაბილური კოალიციის შექმნა გაუჭირდეს. 

ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბულგარეთის შესაძლებლობას ეფექტიანად გამოიყენოს 2021-2027 წლებისთვის ევროკავშირის მიერ პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის გამოსაყოფი 750 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი.

"ჩვენ ავაშენეთ სტაბილური ბაზა, რაზეც ქვეყანას შეუძლია მეტად განვითარდეს. ბულგარეთის ეკონომიკური ზრდის გზაზე დაბრუნება ამ წელს ჩვენი მთავარი მიზანია". – წერს ბორისოვი. 

ბორისოვის მთავრობის დროს ბულგარელების საშუალო თვიური ხელფასი 36%-ით გაიზარდა ($ 882-მდე) და ქვეყანამ დიდი სახელმწიფო ვალი არ დაიდო. 

თუმცა, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციები იმართებოდა. ათასობით მომიტინგე მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებდა და, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებდა. მომიტინგეები ბორისოვს ქვეყნის ოლიგარქებთან ახლო  კავშირშიც ადანაშაულებდნენ.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ. ქვეყანაში  სასამართლო სისტემის რეფორმებიც ვერ გაატარეს.

ამავსროულად, 2020 წელს ქვეყანაში პანდემიას ცუდად გაუმკლავდნენ. მთავრობას ასევე ადანაშუალდნენ, რომ ევროკავშირის დახმარებას იმ ბიზნესებისკენ მიმართავდა, რომლებიც მმართველ პარტიასთან იყო დაახლოებული. 

პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, რომელიც ბორისოვს ხშირად აკრიტიკებს, მოქალქეებს მოუწოდა, რომ ხმის მიცემადე კარგად დაფიქრდნენ. მისი თქმით, ქვეყანას ახალი სახეები და ახალი იდეები სჭირდება. ის ივლისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნასაც შეუერთდა.

მთავარი ოპოზიციური, სოციალისტების პარტია პირობას დებს, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობას აღადგენს და სიღარიბეს შეებრძოლება. ელიან, რომ პარტიას ამომრჩეველთა 20-22% დაუჭერს მხარს. 

ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვის, პარტია, არის ასეთი ხალხი სავარაუდოდ 13%-ს აიღებს. თავისი შოუთი ის ხშირად აკრიტიკებდა მთავრობას. პარტია გასული წლის აქციების დროს მალევე შეიქმნა. ტრიფონოვის თქმით, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ კოალიციას ქვეყნის ძირითად პარტიებთან. ტრიფანოვს უკრაინის პრეზიდენტს და ყოფილ კომიკოსს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ადარებენ. 

ელიან, რომ მომიტინგეების მიერ მხარდაჭერილი ისეთი პარტიები, როგორიცაა დემოკრატიული ბულგარეთი და გამოდი! მაფია გარეთ! ასევე შევლენ პარლამენტში. 

ვარაუდობენ, რომ ბორისოვის პარტიის კოალიციური პარტნიორი, ბულგარეთის ნაციონალური მოძრაობა, 4%-ს მიიღებს. 

ხმის მიცემა ქვეყანაში ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე დასრულდება. 

კომენტარები