ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების თქმით, პოლიციამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა

მთის ამბები / კადრი ვიდეოდან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების თქმით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ღამის გასათევად ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას მდებარე კარვებისკენ მიდიოდნენ.

"მათი მიზანი იყო ჩვენი დაჯარიმება, მათ ჰქონდათ მიზნად, რომ ოქმები შეედგინათ ჩვენთვის და ამით დაესაჯათ ჩვენი აქ შეკრება. [...] ისინი მიზნად ისახავენ ჩვენს დაშინებას და მომავალში პერმანენტული აქციების ხელის შეშლას". – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძე.

აქტივისტების თქმით, კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ მათ ავტომობილები გააჩერეს.

"აბრახუნებდნენ მინაზე, ყვიროდნენ, გადმოდით ყველანი, სათითაოდ ჯარიმები უნდა დაგიწეროთო. გადმოვედით, მოგვიყვანეს და აქ მაქვს ჯარიმა". – თქვა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, პაატა ბენიძემ

დაჯარიმებულების თქმით, პოლიციამ ასევე დააკავა ერთი პირი. ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

3 მარტს რიონის ხეობაში პოლიციამ 2 პირი დააკავა. რიონის ხეობაში დღეს კომპანია ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან და თქვა, რომ კომპანია წინამოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები