ნამახვანჰესი

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტისას 2 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა კომპანიის მიერ წინამოსამზადებელი სამუშაობის გაგრძელებას აპროტესტებს, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით.

რიონის ხეობაში დღეს კომპანია ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან და თქვა, რომ კომპანია წინამოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ხეობაში დღეს დილიდანვე პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია გზაც. პოლიციის თქმით, ხეობაში ინტერნეტის კავშირს ამოწმებენ. აქტივისტები კი ითხოვენ, რომ მათთან სასაუბროდ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან რიონის ხეობაში მობილიზებულები.

შსს-ს თანახმად, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

კომენტარები