ელექტრომობილები

Volkswagen-ს სახელის შეცვლის სააპრილო ხუმრობა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს

ფოტო: CNBC.COM

31 მარტს გერმანული ავტოკონცერნის, Volkswagen-ის, სოციალური მედიის გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ამერიკული ბაზრისთვის სახელს Voltswagen-ად შეიცვლიდა

ეს ნაწილი, Volts,  ავტოკონცერნის ელექტრიფიკაციის პროცესისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებდა, რადგან დიზელის ცნობილი სკანდალის შემდეგ VW-ის სტრატეგია მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთო. 

რამდენიმე საათში კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს ცვლილება ინვესტორებს სერიოზულად არ უნდა მიეღოთ, რადგან ის პირველი აპრილის ხუმრობად იყო ჩაფიქრებული.

მიუხედავად უწყინარი განზრახვისა, VW-ის წარმომადგენლობა, შესაძლოა, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან კომპანიების მიერ ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ინვესტორებზე, აქციების ფასსა და საფონდო ბირჟებზე, აშშ-ის კანონმდებლობით, აკრძალულია.  

ექსპერტების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია [SEC] გამოძიებას დაიწყებს. 

როგორც წესი, კომპანიების წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი ნეგატიურად აისახება ინვესტორების განწყობასა და კომპანიის აქციების ფასზე. 

2018 წელს მსგავსი ტიპის ხუმრობის გამო კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, $20-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.  
 

კომენტარები