პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: პოლიტპატიმრების და არჩევნების თემაზე ოცნებას შევთავაზეთ არაერთი წინადადება

ფორმულა

"დღეს ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ევროპული მომავლისთვის". – ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მოლაპარაკება, რომელზე შეთანხმებაც ისევ ვერ შედგა.

"გვქონდა შანსი, დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც დასახელებული იყო მიშელის გეგმაში. სამ საკითხზე ყველა ოპოზიციონერი დათანხმდა და არსებობდა ორი საკითხი - პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება და შესაძლო კომპრომისული ვარიანტი". – თქვა სამადაშვილმა.

ენმ-ის წევრის თქმით, ოპოზიციის ერთერთი შეთავაზება იყო, პლებისტიცზე განსახილველად გასულიყო ახალი კონსტიტუციის მიღების და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი.

"ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო მომავლისკენ, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება  არის ყველა მოქალაქის ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომელ ძალას უჭერს მხარს". – თქვა სამადაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ენმ-ის წევრის თქმით, ამნისტიის შესახებ წინადადება უნდა შეხებოდა როგორც ნიკა მელიას, ისე გიორგი რურუას.

"იმიტომ, რომ ქართული ოცნების და ირაკლი კობახიძის გარდა, ქვეყანაში ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა არის პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზებით და მათ შორის 20 ივნისის ფონზე, ამიტომ, მინდა არავინ შეიყვანოს შეცდომაში ქართულმა ოცნებამ.... ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი". – თქვა სამადაშვილმა. 

 

კომენტარები