პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ლელო ხელს არ მოაწერს შეთანხმებას

მამუკა ხაზარაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ იმ საკვანძო საკითხებზე ისაუბრა, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა.

ხაზარაძის თქმით, ლელო არ მოაწერს დოკუმენტს ხელს, თუ მასში პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება ჩაწერილი.

"ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. უნდა დავამთავროთ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და ორი კონკრეტული მაგალითი გვაქვს, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ლელო არ მოაწერს ხელს, თუ ეს საკითხი, მელიას და რურუას გათავისუფლება არ იქნება მიღწეული და არ იქნება ისეთი მექანიზმი ჩადებული, რომ ადამიანებით ვაჭრობა, არათუ ამ ხელისუფლებას, მომავალ ხელისუფლებას არ შეეძლოს არასდროს". – ამბობს ხაზარაძე

ხაზარაძის თქმით, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში არსებულ 6 პუნქტზე შეთანხმების მიღწევის და შემდეგ სპეციალური მონიტორინგით მათი განხორციელების გარეშე, დოკუმენტს აზრი არ ექნება.

"ეს დოკუმენტი შედგება 6 პუნქტისგან, მთავარი პუნქტები არის – პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნების თემა, მასთან მისასვლელი გზები და რაც ყველაზე მთავარია, გაწერილი ის რეფორმები, რომელიც ასე სჭირდება ჩვენ ქვეყანას: მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა და ა.შ. თუ ეს საკითხები არ იქნა გაწერილი და რაც ყველაზე მთავარია, მათი მონიტორინგით არ მოხდა განხორციელება, მაშინ ამ დოკუმენტს არანაირი აზრი არ ექნება". – თქვა ხაზარაძემ


საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 30 მარტს, 17:00 საათზე დაიწყო. 

სავარაუდოდ, დანიელსონის ამ ვიზიტის ფარგლებში ეს ბოლო შეხვედრა იქნება, რადგან სპეციალური წარმომადგენელი თბილისის დატოვებას დღეს, 30 მარტის საღამოს გეგმავს

29 მარტს მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და პარტიებთან სათითაოდ შეხვედრის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ მედიატორები მოამზადებენ დოკუმენტს, რომელზე ხელმოწერაც პარტიების პასუხისმგებლობაა. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები