თურქეთის ეკონომიკა

ერდოღანმა სამსახურიდან ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილეც გაათავისუფლა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

დღეს, 30 მარტს, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს, მურატ ცეტინკაიას. 

ერდოღანის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია რამდენიმე დღით ადრე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნაჯი აგბალის სამსახურიდან გათავისუფლებასთან.  

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი და აგბალის გუნდი ვერ თანხმდებოდნენ მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, რადგან ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს 15%-იანი ინფლაციის დონის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, ხოლო ერდოღანი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. 

სავარაუდოდ, ცენტრალური ბანკის უმაღლეს თანამდებობებზე ერდოღანი თავისი თანამოაზრეების დანიშვნას აპირებს. 

პრეზიდენტის პოსტი უკვე დაიკავა საჰაპ კავჩიოღლუმ, რომელსაც ერდოღანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ.

ერდოღანის გადაწყვეტილებებს, ექსპერტების თქმით, თურქეთის ეკონომიკისადმი სანდოობის დაკარგვა მოჰყვა, რის გამოც ლირა დოლართან მიმართებაში თითქმის 15%-ით გაუფასურდა

ეკონომისტები ვარაუდობენ, ერდოღანის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს თურქეთში ინფლაციის დონემ 20%-ს გადააჭარბოს.

კომენტარები