COVID-19-ის ვაქცინა

კვლევა: PFIZER-ისა და MODERNA-ს ვაქცინებს პირველი დოზითაც მაღალი ეფექტიანობა აქვთ

ფოტო: ft.com

აშშ-ში ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, კომპანია Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მხოლოდ პირველი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი მაღალი, თითქმის 80%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევიან. 

Reuters-ის ინფორმაციით, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ Covid-19-ით ინფიცირების რისკი 90%-მდე შემცირდა. 

სამედიცინო კვლევაში, რომელიც 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობას იღებდა თითქმის 4 000 ამერიკელი მედპერსონალი და ტესტირება ყოველკვირეულად ტარდებოდა.

ექსპერტების თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები პირდაპირ თანხმობაშია ისრაელიდან მიღებულ მონაცემებთან, სადაც Pfizer-ის ვაქცინამ 94%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. 


25 მარტს საქართველომ Pfizer-ის 29 200 ცალი ვაქცინა მიიღო, რომელიც, ამ ეტაპზე, მედპერსონალისა და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი.

კომენტარები