ვაქცინაცია

ტიკარაძე: შემდეგ კვირაში გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში საქართველოში ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა. კერძოდ, ტიკარაძის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს ჩინეთიდან გამოიგზავნება Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა, რომელიც ქვეყანაში მომავალ კვირაში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დამატებით ვაქცინებს რაც შეეხება, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით  უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას, რომელიც უნდა გამოიგზავნოს კვირის ბოლოს და შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზას ველოდებით.

ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს ჯანმოსთან, [WHO-სთან] თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ  ქვეყანაში ვაქცინაცია და მაშინ, როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან დაიწო. 

30 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 5 706 ადამიანია აცრილი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 782 პირი აიცრა.

კომენტარები