მეგი ბაქრაძის საქმე

აცრისას გარდაცვლილი მედდის საქმეში ბრალდებულ ექიმებს და ექთანს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა იმედის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის სამ თანამშრომელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "ახალციხის კლინიკა იმედი"-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს "ახალციხის კლინიკა იმედის" ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ". - წერია რელიზში.

საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამცრელ ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლემ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ბექა ლიპარტელიანს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამავდროულად, ვიოლეტა ინასარიძეს  წარდგენილი აქვს ბრალდება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი). თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარები