მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისო ბოლქვაძე ექსპერტებთან ერთად კულტურის სექტორის მეტაანალიზს გეგმავს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ექსპერტებთან ერთად კულტურის სექტორის მეტაანალიზს გეგმავს. კულტურის კომიტეტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა და 2021 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.

"მეორე საკითხია კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანების კონკრეტიზაცია და პანდემიიდან გამომდინარე, სიძნელეების გათვალისწინებით, მათი ეტაპობრივი გადალახვის სტრატეგია. მესამე - ექსპერტების ჩართულობით გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში, ასევე, შეფასდეს პანდემიიდან გამომდინარე სიძნელეები და ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს მომავალი პრიორიტეტები. მეოთხე საკითხია სახელოვნებო სკოლებში არსებული მდგომარეობის კვლევა და სხვადასხვა საკითხების შესწავლა, მათ შორის, ახალგაზრდების ზოგადი წვდომა და ინტერესი კულტურულ აქტივობებზე, ასევე შემუშავდეს სახელოვნებო განათლების რეფორმა და დაინერგოს განვითარების ინოვაციური მიდგომები". – თქვა ელისო ბოლქვაძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია კომიტეტის გასვლითი სხდომები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, ასევე საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გასაძლიერებლად. კომიტეტი ხვალიდან ექსპერტების შერჩევას იწყებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.

კომენტარები