ალექსეი ნავალნის საქმე

ნავალნიმ საზოგადოებრივ დამკვირვებელ კომისიას ტკვილგამაყუჩებლის მიღების თხოვნით მიმართა

ალექსეი ნავალნი
The Telegraph

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის საზოგადორბივ დამკვირვებელ კომისიას ტკივილგამაყუჩებლის მიღების თხოვნით მიმართა. კომისიის თანახმად, ნავალნი ტკივილგამაყუჩებელ დიკლოფენაკს ფეხის მწვავე ტკივილისთვის ითხოვს.

საზოგადოებრივი დამკვირვებელი კომისიის წევრებმა ალექსეი ნავალნი კოლონიაში 27 მარტს მოინახულეს.

"საუბრისას ჩვენ გავარკვიეთ, რომ მას [ნავალნის] სტკივა ფეხი და ითხოვა დახმარება, რათა მიიღო დიკლოფენაკის ინექცია ტკივილის მოსახსნელად. ამასთანავე ის აგრძელებს დამოუკიდებლად სიარულს. სხვა სურვილი არ გამოუთქვამს." - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ კულიკოვმა.

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ვებგვერდის თანახმად, დიკლოფენაკი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტია, რომელსაც სახსრების, კუნთებისა და ძვლების პრობლემების მკურნალობისას იყენებენ.

კომისიას არ უთქვამს, დაკმაყოფილდა თუ არა ნავალნის თხოვნა. კულიკოვის თანახმად, ტკივილგამაყუჩებლის მოთხოვნა ოფიციალურად დარეგისტრირდა კოლონიის სამედიცინო ცენტრში. ორგანიზაციის წევრებმა "სთხოვეს მედიკოსებს, ყურადღება მიექციათ" ამ საკითხისთვის.

ალექსეი ნავალნი ქალაქ პოკროვში გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფება. 24 მარტს მისმა ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას ნავალნის გასულ კვირას დაეწყო ზურგის სერიოზული ტკივილები, დაუბუჟდა ფეხი და ამ ფეხზე დადგომა არ შეუძლია.

25 მარტს ნავალნის ადვოკატებმა გაასაჯაროეს ორი განცხადება, რომელიც პოლიტიკოსმა კოლონიის ხელმძღვანელისა და სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის სახელზე დაწერა. განცხადებებში ნავალნი ამბობს, რომ მას არ აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და დაიჩივლა "უძილობით წამებაზე". კოლონიაში ნავალნი შეფასებულია, როგორც გაქცევის მაღალი რისკის მქონე პატიმარი, ნავალნის თანახმად, მას ყოველ ღამე კოლონიის თანამშრომლები აღვიძებენ და ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევენ.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადების თანახმად, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნავალნის თანამოაზრეები ითხოვენ მტკიცებულებას, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები