კახა კალაძე

კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა

თბილისის მერს კახა კალაძეს  ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ ისაუბრა, მისი თქმით, ეს იყო წინასწარი დიაგნოზი, რომელიც შემდგომი გამოკვლევებით არ დადასტურდა და მას აქვს ვესტიბულოპათია.

"ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, ბატონი კახას შემთხვევაში, იყო წინასწარი დიაგნოზი გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა და ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს, შემდგომი კვლევის შედეგად ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და ჩვენ გვაქვს სახეზე არტერიული წნევის არასტაბილურობა, სწორედ ამ მიზეზის გამო მოხვდა ის ჩვენს კარდიოლოგიურ სამსახურში და აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია, ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწრორობას, გარდამავალი დარღვევები იყო განპირობებული მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად მისი რეჟიმი თავისუფალია, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებას". - ამბობს კარდიოლოგი.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ თქვა, რომ მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და აქტიურად ამიტომ არ ჩანს.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის დაავადებას, რომელიც ტვინში წარმოიქმნება სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. ხოლო, ვესტიბულოპათია, არის უეცრად წარმოქმნილი თავბრუსხვევა, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება და წონასწორობის დარღვევა.

კომენტარები