არჩევნები ისრაელში

ისრაელში 2019 წლის აპრილის შემდეგ მესამე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი
Reuters

ისრაელში მესამე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილსა და სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება და სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

წინასწარი გამოკითხვებით კვლავ რთულია იმის თქმა, თუ ვინ მოიპოვებს გამარჯვებას. მოქმედი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტი კვლავ ყოფილი გენერალი ბენი განცია.

არჩევნების შემდეგ, 17 მარტს ნეთანიაჰუ იერუსალიმის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ოპონენტები მას გადადგომისაკენ მოუწოდებენ, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, ის ვალდებული არაა თანამდებობა დატოვოს და შეეძლება გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

მიუხედავად კოალიციის ფორმირების უშედეგო მცდელობებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებისა, ნეთანიაჰუმ გასული წლის დეკემბერში ლიკუდის პარტიის ლიდერობისთვის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

სექტემბერში გამართულ არჩევნებში ბენი განცის პარტიამ "ლურჯი და თეთრი" ერთით მეტი ადგილი მოიპოვა, ვიდრე ლიკუდმა. სექტემბერში პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი ნეთანიაჰუს გადასცა. მას შემდეგ, რაც კოალიციის შესაქმნელად მისი მცდელობები და განცთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა მანდატი ბენი განცს გადაეცა, თუმცა ვერც მან შეძლო საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება პარლამენტში.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

კომენტარები